Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილე თსუ-ში

თსუ-ში ტარდება უნივერსიტეტის დამფუძნებლის, გამორჩეული ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების კვირეული.

 

რა არის ჯავახიშვილის ფენომენი? ერთი ადამიანი აერთიანებდა უდიდეს ცოდნას. ის იყო ავტორი ფუნდამენტური გამოკვლევებისა - ქართველი ერის ისტორიაში, საქართველოს ლიტერატურის ისტორიაში, ენათმეცნიერებაში, ეკონომიკის ისტორიაში, სამართლის ისტორიაში, მუსიკის ისტორიაში, არქეოლოგიაში, მედიცინის ისტორიაში, კავკასიოლოგიაში, ეთნოლოგიაში, სამხედრო საქმეში, გეოგრაფია-კარტოგრაფიაში, ეკლესიის ისტორიაში, არმენოლოგიაში, წყაროთმცოდნეობაში, პედაგოგიკაში, მუზეუმთმცოდნეობაში და სხვა.

 

ივანე ჯავახიშვილს ქართული მეცნიერების, მათ შორის, სამართლის ისტორიის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის. იგი საგანგებოდ იკვლევდა საქართველოში სამართლის ისტორიას, მის თითოეულ წყაროს, სამართლის დარგში შექმნილ ცალკეულ თხზულებებს, წარმოაჩენდა ქართული სამართლის დარგების ისტორიულ საფუძვლებს.

 

ივანე ჯავახიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც უნივერსიტეტში დაამკვიდრა სამართლის კვლევის ისტორიულ-სამართლებრივი მეთოდი; მისი ნაშრომები ამტკიცებდა, რომ ქართველ ხალხს ჰქონდა საკუთარი სამართლებრივი კულტურა და ტრადიცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეროვნული იდენტობისა და თვითმყოფადობისთვის.

 

ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო საქმიანობა იქცა ხიდად ქართულ სამართლებრივ მემკვიდრეობასა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეს შორის, რამაც ხელი შეუწყო ქართული სამართლის ინტეგრაციას გლობალურ სამეცნიერო სივრცეში.

 

საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ივანე ჯავახიშვილი 150“. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

 

ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილ დარგობრივ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორებმა და მოწვეულმა ლექტორებმა. იურიდიულმა ფაკულტეტმა კონფერენცია ჩაატარა ორ სექციად, სადაც განხილული იყო ქართული სამართლის ისტორიისა და თანამედროვე სამართლის უმნიშვნელოვანესი საკითხები.

 

საიუბილეო დღეებში თსუ გამომცემლობამ წარადგინა წიგნის - „ცხოვრება და ღვაწლი ივანე ჯავახიშვილისა“ - მეორე გამოცემა. მონოგრაფიის ავტორია თსუ-ის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე სერგო ჯორბენაძე.

თარიღი: 27/04/2026